ბიზნესომბუდსმენი - საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის „თიბისი ბანკის“ გამართულ მუშაობას
საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის „თიბისი ბანკის“ გამართულ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყურადღებით აკვირდება „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ პოლიტიზებულმა განცხადებებმა, სხვადასხვა დაუსაბუთებელი ვერსიის გავრცელებამ მედიაში და უსაფუძვლო აჟიოტაჟმა შესაძლოა, არასწორი მოლოდინები შექმნას და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. საფინანსო სექტორში მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ პროცესს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.
მთავარია, რომ საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, რაც ჩვენთვის ცნობილია საკითხი ეხება კონკრეტულ ეპიზოდს ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, აღნიშნული ვერ იქნება ზიანის მომტანი მთლიანად საფინანსო სექტორისთვის.
ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი ბანკი“ ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტია და აკმაყოფილებს ყველა შესაბამის ეკონომიკურ ნორმატივს და ლიმიტს. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ვიმედოვნებთ, პროცესი იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, არსებული შეკითხვები იქნება პასუხგაცემული და „თიბისი ბანკი“, რომელიც არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი, გააგრძელებს აქტიურ განვითარებას“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში.
გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ „თიბისი ბანკის“ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.