ბიზნესომბუდსმენი - მთავრობამ თამბაქოს აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა უნდა წარადგინოს
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის დაგეგმილი ეტაპობრივი ზრდის შესახებ ინდუსტრია სრულყოფილად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა დარგმა ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა შეძლოს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კერძო სექტორს საქმიანობის დასაგეგმად პროგნოზირებადი გარემო სჭირდება და ბიზნესისთვის წინასწარ შეტყობინებისა და კონსულტაციის გარეშე გადასახადის განაკვეთის ცვლილება ქვეყნის ბიზნესგარემოს აზიანებს.
„როგორც ცნობილია, საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე რვა წელიწადში უნდა მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, რაც გულისხმობს 1000 ღერ სიგარეტზე 90 ევროს აქციზის დაწესებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რომელშიც გაწერილი იქნება გადასახადის ყოველწლიური ზრდა. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით თამბაქოს იმპორტიორმა კომპანიებმა მომართეს. ბიზნესომბუდსმენი აპარატი იზიარებს თამბაქოს იმპორტიორების პოზიციას და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შემუშავდეს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკი და გათვალისწინებულ იქნას ბიზნესის ინტერესები და ის რისკები, რაც შესაძლოა, თან ახლდეს აქციზის განაკვეთის ცვლილებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უკვე წარუდგინა.