ბიზნესმენი იციკ მოშე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის
ბიზნესმენი იციკ მოშე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის.
ამის შესახებ იცაკ მოშე „ფეისბუქში“ წერს.
„გმადლობთ მხარდაჭერისთვის. მადლობა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს გამამხნევებელი სიტყვებისთვის, მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ტერაქტის გამოაშკარავებისა და ჩაშლისთვის. სამუშაო და საქმე ბევრია. ჩვენ ვაგრძელებთ და ვემზადებით ახალი სამუშაო დღისთვის – დილა მშვიდობის“, – წერს იციკ მოშე.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის“ ძალებმა საქართველოში ისრაელელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა სცადეს.
გავრცელებული ცნობით, ირანელი სამხედროების კარნახით, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული პაკისტანელების ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა და მკვლელობის განხორციელების მიზნით, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.
ისრაელის მედიის ცნობით, 2011 წლის შემდეგ ტერორისტულ ქსელზე პასუხისმგებელია „ყუდსის“ ძალების თანამშრომელი მოჰამედ რეზა ებადი არაბლუ.
ისრაელის მედია წერს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს საქართველო-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელი იყვნენ პაკისტანელებისთვის იარაღის მიწოდებაზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს პირები თურქეთში იარაღის კონტრაბანდისტთან მუშაობდნენ. ისრაელის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ, საქართველოს და ისრაელის სპეცსამსახურებმა საკითხი განიხილეს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის ბრძანებით საქართველოს მიწაზე ტერაქტის განხორციელების მცდელობა ვლინდება“ – განუცხდა ისრაელის სპეცსამსახურის თანამშრომელმა ისრაელის მედიას.