ბრალდების მოწმის განცხადებით, 2014 წელს გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი ფულის უკანონო ლეგალიზებაში იყვნენ ჩართული
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე დაკითხა.
გიორგი კაპანაძე ბრალდების მხარის მოწმეა, რომელიც ამბობს, რომ უგულავას დავალებით საბუთებს აყალბებდა. კაპანაძის თქმით, მისი კომპანიები იქნა გამოყენებული, რის შემდეგაც, უგულავას ქვეყანაში ასობით ათასი ლარი შემოჰქონდა, რომელიც შემდეგ, წინასაარჩევნო მიზნებით გამოიყენებოდა.
კაპანაძის თქმით, უგულავასგან პირდაპირი შეხება არასდროს ჰქონია და დავალების მიღება შუამავლის მეშვეობით ხდებოდა. კაპანაძე ამბობს, რომ უგულავას მხოლოდ ერთხელ, შემთხვევით შეხვდა საკალათბურთო მატჩის დროს, სადაც ეს ტრანზაქციები განიხილეს, თუმცა მისივე თქმით, ამ საუბრის დადასტურებას ვერავინ შეძლებს, რადგან არავის მოუსმენია.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მუქარის წერილი გადასცეს, სადაც ეწერა, რომ ჩვენების მიცემას უკრძალავდნენ.
„საუბარი არის უკანონო თანხების ლეგალიზაციაზე, რომელიც იყო 2014 წელს. ჩართული პირები იყვნენ დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია. მე უცნობი ახალგაზრდა პიროვნებისგან მივიღე წერილი, სადაც მუქარის სიტყვები ეწერა. მუქარა იყო იმაზე, რომ გავჩერებულიყავი და ჩვენება არ მიმეცა“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში “სითი პარკის” ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.
შემდეგი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.