ბიზნეს ასოციაცია - სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი კომპანიების განვითარებას
ბიზნეს ასოციაცია - სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი კომპანიების განვითარებას

სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი კომპანიების განვითარებას,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბიზნეს ასოციაციაში ყურადღებას ამახვილებენ სამშენებლო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემატიკაზე, რომელთა ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ტენდერების გზით შესყიდვებს უკავშირდება და ადგილობრივი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მთავარ გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი, მოძველებული ე.წ. „სნიპები“ (SNIP), რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება შესასყიდი მომსახურებისა და საქონლის ფასები და მახასიათებლები. შედეგად კი, სამუშაოს შემსრულებელ კომპანიებს უწევთ ხანგრძლივი მოლაპარაკება შემსყიდველ უწყებებთან, კონკრეტული მასალის მახასიათებლებისა თუ სხვა ცვლილებებზე იმ მიზეზით, რომ მოცემულ სტანდარტში აღწერილი პროდუქცია ან აღარ იწარმოება, ან სახეცვლილი ფორმით შემოდის ბაზარზე.

„ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაოს შესრულების პროცესში მომსახურების შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის წარმოქმნილი დავების სწრაფად განხილვის შესაძლებლობის არარსებობა. აღნიშნული და დარგის სხვა პრობლემები საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ხელისშემშლელია და აფერხებს ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე კომპეტენციების დაგროვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე მიმდინარეობს პრობლემათა იდენტიფიცირება, შედეგად, მომზადდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთობლივად განიხილება და დაიგეგმება იმპლემენტაციის კონკრეტული ნაბიჯები.