„ბიზნეს ასოციაცია“ - მივესალმებით ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას და მოვუწოდებთ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ პოზიტიურად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა სავალუტო ბაზარზე დღეს განხორციელებულ სავალუტო ინტერევენციას.
„როგორც ბოლო პერიოდში არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ასეთ პირობებში ლარის კურსის კონიუნქტურული რყევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი და კრიტიკულია აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება.
შესაბამისად, მივესალმებით დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას და მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, მომდევნო დღეებშიც, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რითიც შესაძლებელი გახდება ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება.
ლარის სტაბილური კურსის არსებობა კი პირდაპირ კავშირშია ბიზნესის დაგეგმვასა და განვითარებასთან, მის ფინანსურ სიჯანსაღესა და მდგრადობასთან. ლარის სტაბილური კურსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, განჭვრეტადს ხდის ბიზნესგარემოს და გრძელვადიანად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.