ბიუროს სხდომაზე 9 დეკემბერს ოპოზიციის მომზადებული საარჩევნო ცვლილებების, ე.წ. გერმანული მოდელის ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მომზადებული საარჩევნო ცვლილებების, ე.წ. გერმანული მოდელის ინიცირება მოხდება.
ცვლილებების ავტორი 30 პოლიტიკური პარტიაა, ინიციატორები კი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან. ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესი იცვლება. კერძოდ, პროექტით, არჩევნებში მონაწილე იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა 3%-იანი საარჩევნო ზღურბლი, განისაზღვრება 150-ის (პარლამენტის წევრთა სრული რაოდენობის) იმდენი პროცენტით, ხმათა რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა პროპორციული საარჩევნო სისტემით.
„შესაბამისად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა პარტიული სიიდან შეივსება ზემოაღნიშნული კუთვნილი მანდატების რაოდენობამდე, ხოლო თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა ტოლია ან აღემატება მისი კუთვნილი მანდატების რაოდენობას, პარტიული სიიდან მას არცერთი მანდატი აღარ მიეკუთვნება“, – აღნიშნულია პროექტში.
ამასთან, კანონპროექტით მაჟორიტარული არჩევნები ტარდება არა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, არამედ 10 მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქშიც.
„ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას – ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენ მანდატიანიც არის ეს ოლქი და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ“, – ნათქვამია პროექტში.