ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული ფრინველის, დოდოს აღდგენას გეგმავს — #1tvმეცნიერება
მილიარდ დოლარიანი სტარტაპი Colossal Biosciences-ი აცხადებს, რომ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია ფრინველ დოდოს გაცოცხლების გეგმაში; ფრენის უნარის არმქონე ეს ფრინველი მე-17 საუკუნეში გადაშენდა.
ფუტურისტული გეგმა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც დალასში ბაზირებულმა კომპანიამ დოდოს მთლიანი გენომი გაშიფრა.
დოდო ახალია დიდი ხნის წინ გადაშენებულ იმ ცხოველთა სიაში, რომელთა გაცოცხლებაც მეცნიერებს სურთ. სტარტაპის გეგმებში ასევე შედის ტასმანიური მგლის (თილაცინი) და ბეწვიანი მამონტის აღდგენა.
თუმცა, ამ ფრინველის აღდგენამდე ჯერ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მეცნიერებს სიცოცხლის ნულიდან შექმნა არ შეუძლიათ და შესაბამისად, მოუწევთ იპოვონ გზა, რომლითაც დოდოს სპეციფიკურ გენებს ცოცხალი ცხოველის ემბრიონში შეიტანენ.
ეს ამოცანა კი ადვილი ნამდვილი არ არის. შემდეგი ნაბიჯია მისი გენეტიკური ინფორმაციის შედარება ახლო ნათესავი ფრინველების, მაგალითად, ნიკობარის მტრედის და გადაშენებული გიგანტური, ფრენის უნარის არმქონე მტრედის — როდრიგესის დრონტის გენებთან. ასე დადგინდება ის მუტაციები, რომლებმაც დოდო დოდოდ აქციეს.
პროექტის უფროსი გენეტიკოსის, ბეთ შაპიროს განცხადებით, საბოლოო მიზანია ფრინველის ხელახლა შეყვანა მავრიკიში, სადაც ისინი იქამდე ბინადრობდნენ, ვიდრე ადამიანები მოსპობდნენ.
ამ მიდგომით შექმნილი ფრინველი იქნება ჰიბრიდი, რომელიც თავის წინაპარს ჰგავს.
„გეგმა ძალიან, ძალიან გამომწვევია“, — ამბობს ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ევან ბირნი. ეს ლაბორატორია პროექტში ჩართული არ არის.
2021 წლის შემდეგ, კომპანიამ პროექტისთვის 150 მილიონი დოლარი შეაგროვა; სულ საჭიროა 225 მილიონი დოლარი.
ბირნის განცხადებით, როდესაც საქმე სახეობის შექმნას და მის ველურ ბუნებაში გაშვებას ეხება, ჩნდება აშკარა ეთიკური კითხვები.
„უნდა გადავარჩინოთ ის სახეობები, რომლებიც ჯერ არ გადაშენებულან“, — ამბობს ბირნი.
კომპანია Colossal Biosciences -ის განცხადებით, გადაშენებულ ცხოველთა გაცოცხლება მათი ერთადერთი მიზანი არ არის.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მათი ძალისხმევა გამოსადეგი იქნება საკონსერვაციო პროგრამებშიც.
„აშკარაა, რომ ახლა გადაშენების კრიზისის შუაგულში ვიმყოფებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანები ამაზე დავაფიქროთ“, — ამბობს შაპირო.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.