ბინების გაყიდვის ან გაქირავებისას ენერგოაუდიტის ვალდებულება სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოდან ამოქმედდება
ბინების გაყიდვის ან გაქირავებისას ენერგოაუდიტის ჩატარება სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება. ამას „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა პარლამენტში იწყება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ვალდებულების ამოქმედება 2022 წლის ბოლოდან იგეგმება.
ენერგოაუდიტის დოკუმენტი მყიდველს ან დამქირავებელს უნდა გადაეცეს. ამასთან, ვალდებულება არ ითვალისწინებს სახლებში ენერგოეფექტური ღონისძიებების ჩატარებას.
თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ ენერგოაუდიტის ჩატარება დიდ თანხასთან არ იქნება დაკავშირებული და სამუშაოს შესაბამისი აკრედიტებული პირები განახორციელებენ.
„კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ 2022 წლისთვის უნდა შემუშავდეს ენერგოეფექტურობის დამნერგავი წესები ახალი შენობების მშენებლობისთვის, რაც 2023 წლიდან უნდა იყოს განხორციელებული. ეს არ შეეხება არსებულ შენობებს“, – აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.
შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე, შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასებას და შენობის ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა მისმა მესაკუთრეებმა და დამქირავებელმა-მოიჯარემ შეძლონ შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასება; ასევე რეკომენდაციებს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის ხარჯ-ოპტიმალური გაუმჯობესების მიზნით.