ბილეთი მარსისკენ - გაგზავნეთ თქვენი სახელი წითელ პლანეტაზე „ნასას“ (NASA) შემდეგი მარსმავალით
ბილეთი მარსისკენ - გაგზავნეთ თქვენი სახელი წითელ პლანეტაზე „ნასას“ (NASA) შემდეგი მარსმავალით

მართალია, ჯერ წლები გვაშორებს იმ სასწაულებრივ დღეს, როცა ადამიანები პირველად დაადგამენ ფეხს მარსზე, მაგრამ მანამდე, „ნასა“ (NASA) გვაძლევს შანსს, წითელ პლანეტაზე ჩვენი სახელები გავგზავნოთ. გვარ-სახელები ჩიპზე ჩაიწერება, რომელსაც მარსზე „ნასას“ ახალი მავალი „მარს 2020“ წაიღებს. მარსმავალს 2020 წლის ივლისში გაუშვებენ და წითელი პლანეტის ზედაპირზე ის 2021 წლის თებერვალში დაჯდება.

1000-კილოგრამიანი რობოტული მავალი მოძებნის წარსულში სავარაუდოდ არსებული მიკრობული სიცოცხლის კვალს, შეისწავლის პლანეტის კლიმატსა და გეოლოგიას, შეაგროვებს სხვადასხვა ნიმუშს და მოამზადებს გზას წითელ პლანეტაზე ადამიანთა გასამგზავრებლად.

„ნასას“ სამეცნიერო დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორის, თომას ზურბუკენის განცხადებით, მარსის ეს მისია ისტორიულია და სურთ, ამ ტურნეში მონაწილეობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. მისი თქმით, ეს მისია პასუხს გასცემს საკვანძო კითხვებს ჩვენი მეზობელი პლანეტისა და თავად სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

თქვენი გვარ-სახელის ჩაწერა 30 სექტემბრამდე შეგეძლებათ სპეციალურ გვერდზე, აღნიშნულ ბმულზე. ფორმის შევსების შემდეგ მიიღებთ სამახსოვრო ბილეთს.

პროცესის დასრულების შემდეგ, „ნასას“ რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მიკრომოწყობილობათა ლაბორატორია მიღებულ გვარ-სახელებს ელექტრონულად, სილიციუმის ჩიპზე ჩაწერს. თქვენი სახელი ჩიპზე ადამიანის თმის ღერზე ათასჯერ წვრილი შრიფტით ჩაიწერება. შედეგად, 10-ცენტიანის ზომის ჩიპი მილიონზე მეტი ადამიანის სახელს ჩაიტევს. მიკროჩიპი მავალის მინის საფარის ქვეშ მოთავსდება.

აღსანიშნავია, რომ ასევე მიკროჩიპით, 2 მილიონზე მეტი ადამიანის სახელი მარსზე უკვე ჩაიტანა „ნასას“ ხომალდმა „ინსაითმა“, რომელიც წითელ პლანეტაზე გასული წლის ნოემბერში დაჯდა.

მრავალი ადამიანის სახელი ასევე წაიღო „ნასას“ ხომალდმა „პარკერმა“, ოღონდ არა მარსზე, არამედ ჩვენი დედავარსკვლავისკენ — მზისკენ. „პარკერი“ „ნასას“ კიდევ ერთი ისტორიული მისიაა, რომლის ფარგლებშიც, ხომალდი მზის ატმოსფეროში შევა და ვარსკვლავის ზედაპირს 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება.

ჩემი სახელი წითელ პლანეტაზე უკვე მეორედ გაიგზავნება. პროცედურა საკმაოდ მარტივია, ასე რომ, არც თქვენ გაუშვათ ხელიდან იშვიათი შესაძლებლობა.

https://go.nasa.gov/Mars2020Pass

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.