„ბილდი“ - ვოლოდიმირ ზელენსკის სტრატეგია დასავლური შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას და ომის დროებით გაყინვას მოიცავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტრატეგია დასავლური შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას და ომის დროებით გაყინვას მოიცავს.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი მომდევნო კვირებში აშშ-ში ჩავა და თავის სტრატეგიას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს წარუდგენს.
„ბილდის“ ცნობით, სტრატეგია გულისხმობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებას და უკრაინის სურვილს, დათანხმდეს ადგილობრივ ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის ცალკეულ უბნებზე და ამით სიტუაციის დროებით გაყინვას.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული უსაფრთხოების იალტის კონფერენციაზე, კიევში თქვა, რომ უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარების პაკეტები დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ ან მრავალი თვის დაგვიანებით იქნა მიწოდებული.
„60-ზე მეტი დაპირებული „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლიდან ჯერჯერობით მხოლოდ ექვსია ჩასული უკრაინაში. გერმანიიდან დღემდე კვალიც არ არის 400 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკის, რომელიც უკრაინისთვის წლის დასაწყისიდან უნდა მიეწოდებინათ“, – წერს „ბილდი“.