„ბილაინი“ -  მზად ვართ, სახელმწიფო სტრუქტურებს მაღალტექნოლოგიური მომსახურება შევთავაზოთ
„ბილაინი“ -  მზად ვართ, სახელმწიფო სტრუქტურებს მაღალტექნოლოგიური მომსახურება შევთავაზოთ

კომპანია „ბილაინში“ აცხადებენ, რომ კონსოლიდირებულ ტენდერში წარმოდგენილ ყველა პირობას აკმაყოფილებენ და მზად არიან, სახელმწიფო სტრუქტურებს მაღალტექნოლოგიური, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება შესთავაზონ.

ამის შესახებ პირველ არხს კომპანიიდან აცნობეს.

კომპანიის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობით არ ირღვევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ შპს „ვიონი საქართველომ“ („ბილაინი“) შეიტანა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია.

შესაბამისად, 1 მარტიდან სახელმწიფო უწყებებს ფიჭური სატელეფონო მომსახურება, შესაძლოა, სწორედ „ბილაინმა“ გაუწიოს.

საუბარია დაახლოებით 200 ათას აბონენტზე.

ტენდერში არ მონაწილეობენ „ჯეოსელი“ და „მაგთიკომი“. ამის მიზეზად „ჯეოსელი“ და „მაგთიკომი“ სატენდერო პირობებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებულ წერილს ასახელებენ.

„შეგახსენებთ, რომ შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კომისიამ დაიწყო 2017 წლის 17 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის შესწავლა. გაცნობებთ, რომ საკითხის შესწავლის ამ ეტაპზე იკვეთება „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ნიშნები, რომლის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე“. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 31 იანვარს გამოცხადებული ტენდერით დადგენილია არსებითად მსგავსი პირობები, ამიტომ თქვენს მიერ ფიჭური სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისთვის აღნიშნული ტენდერის პირობებით მიწოდების შემთხვევაში, კომისია თქვენ მიმართ მიიღებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც კომპანიებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისგან, კახა ბექაურისგან მიიღეს.