ბილ კლინტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში თეთრ სახლში ქაოსია
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში თეთრ სახლში ქაოსი სუფევს. ამის შესახებ ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
ყრილობა პანდემიის გამო ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა. კლინტონის ხუთწუთიანი ვიდეომიმართვა წინასწარ ჩაწერილი იყო.
ბილ კლინტონმა დონალდ ტრამპი არათანამიმდევრული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.
„დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩვენ მსოფლიოს ლიდერები ვართ. ჩვენ ერთადერთი მსხვილი ინდუსტრიული ქვეყანა ვართ, სადაც უმუშევრობის დონე გასამმაგდა“, – აღნიშნა კლინტონმა.
ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი კორონავირუსზე რეაგირებისთვისაც გააკრიტიკა.
„ასეთ დროს, ოვალური კაბინეტი სამეთაურო ცენტრი უნდა იყოს. ამის ნაცვლად, ის შტორმის ეპიცენტრია. იქ მხოლოდ ქაოსია“, – განაცხადა ბილ კლინტონმა.
დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაამტკიცეს.