ბიძინა კულუმბეგოვი - ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ამ ეტაპზე ჩვენი პასუხისმგებლობა მეტია, ვიდრე რომელიღაც სახელმწიფო მოხელის
ბიძინა კულუმბეგოვი - ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ამ ეტაპზე ჩვენი პასუხისმგებლობა მეტია, ვიდრე რომელიღაც სახელმწიფო მოხელის

სოციალური პასუხისმგებლობა თუ სოციალური დისტანცირება ჩვენ უნდა ავიყვანოთ უმაღლეს რანგში, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემია და პანდემია დღეს მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი დამიზნებითი პოლიტიკა, რაც გამომდინარეობს ამ ქვეყნების ტრადიციებიდან, მათი ეკონომიკური შესაძლებლობებიდან.

„ჩვენ დღეს ვმსჯელობდით იმ საკითხებზე, თუ როგორი მოდელი შეიძლება იყოს იდეალური და საუკეთესო საქართველოსთვის. ჩვენ განვიხილეთ თუნდაც სკანდინავიისა და ბრიტანეთის მაგალითი, სადაც ამ დაავადების მიმართ აქვთ საკუთარი მიდგომა და მდგომარეობას უწოდებენ მარტივს, როდესაც ამბობენ, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა უნდა მოიხადოს ეს ინფექცია როგორც მარტივი. 80-82 პროცენტში ნამდვილად ასე მიმდინარეობს ინფექცია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, სადაც ყველაზე მეტი რისკია მოსალოდნელი. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ამის ფუფუნების შესაძლებლობა არ აქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთმაც კი გუშინ სკოლები დახურა, ანუ იქაც მიხვდნენ, რომ ამას შესაძლოა მოყვეს 30- პროცენტიანი ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა, რასაც ეს ქვეყნები ვერ გაუძლებენ. აუცილებელი მოთხოვნა და პირობა გახლავთ, რომ ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ჩვენ მხარესაა. ამ ეტაპზე ჩვენი პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე რომელიღაც სახელმწიფო მოხელის. ეს სოციალური პასუხისმგებლობა თუ სოციალური დისტანცირება ჩვენ უნდა ავიყვანოთ უმაღლეს რანგში. მოვერიდოთ ადამიანების თავშეყრის ადგილებს. სახელმწიფომ ეს უნდა გადაზარდოს მოთხოვნაში. აი, თუ ეს იქნება უფრო გამკაცრებული, მივესალმები. ქვეყანაში და ქალაქში იგრძნობა, რომ ადამიანები ფრთხილობენ, თუმცა თუ ეს კიდევ უფრო გამკაცრდება, იქნება უკეთესი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.