ბიძინა კულუმბეგოვი - ყურადღებას როგორც კი მოვადუნებთ და ვირუსს ბუნებრივი გავრცელების საშუალებას მივცემთ, ის სწრაფად დააავადებს საზოგადოების დიდ ნაწილს
ყურადღებას როგორც კი მოვადუნებთ და ვირუსს ბუნებრივი გავრცელების საშუალებას მივცემთ, ის აუცილებლად, სწრაფად დააავადებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების მოწყვლადი ფენა, ანუ ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისა და ხანდაზმული ადამიანების დიდი ნაწილი ემსხვერპლება ამას, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
კულუმბეგოვი მოსახლეობას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, არანაირი იარაღი ინფექციის წინაშე არ არსებობს, გარდა რეკომენდაციების დაცვისა, სოციალური დისტანციისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა.
„ამ ინფექციაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეპიდემიის სამედიცინო ასპექტით დასრულება ძალიან შორს არის რეალობისგან. მსოფლიოში გუშინ და გუშინწინაც კი იმდენი შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიც ეპიდემიის დაწყების დღიდან არ ყოფილა. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ მოვლენები. თუ ერთი ადამიანიც კი დაავადებული იქნება მსოფლიოში ამ დაავადებით, არც ერთი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ აქვს მშვიდად ყოფნის უფლება. არ უნდა დავიჯეროთ, რომ ინფექციამ თავი დაგვანება. ჩვენ არანაირი იარაღი მის წინააღმდეგ არ გვაქვს, გარდა იმუნური სისტემისა და სოციალური პასუხისმგებლობისა. ამის სხვა წამალი არ არსებობს. ეს კარგად უნდა გავითავისოთ. ცოტა მოდუნებამაც კი წარმოშვა უკვე ის ვითარება, რომ დაახლოებით ათი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს უკვე, რომლებზეც არ ვიცით ინფიცირების წყარო. ეს ქმნის ძალიან მაღალ რისკს. ჩვენ ვიცით, რომ ერთი ადამიანი თავისი ინფექციის დაწყებიდან დამთავრებამდე აინფიცირებს მინიმუმ სამ ადამიანს. ამიტომ ცხრიდან შეიძლება, დაინფიცირდეს 27, 27-დან 27-ჯერ სამი და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიცნობიეროთ ეს ყველაფერი. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ რისკებს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
იმუნოლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევების გარდა მოერიდონ მრავალრიცხოვან შეკრებებს და ნუ ექნებათ ილუზია, რომ ინფექცია დამარხებულია. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია, თუმცა ვართ აფეთქების ზღვარზე, რაზე პასუხისმგებლობაც თითოეულ მოქალაქეს ეკისრება.
„ეს არის მართვადი პანდემია, თუმცა ერთი ზღვარია დარჩენილი უმართავ პანდემიამდე. თუ სიტუაცია გაუარესდა, დამნაშავე იქნება თითოეული ადამიანი. ეს არ უნდა დავაბრალოთ არავის სხვას. ბევრი ქვეყანა ამ პრინციპით უდგება, ეპიდემიის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს მოქალაქეს და არა რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკს.
მეორე ტალღაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, როცა პანდემია გამოცხადდება დასრულებილად და გაჩნდება ახალი კერები. ჯერ პანდემია არ დასრულებულა მსოფლიოში, აქტიურად მიმდინარეობს ახალი შემთხვევები. ეს ტალღისებური გავრცელება, ანუ დაიკლო-მოიმატა ბევრ ქვეყანას დაემართა. მთავარია, ინფექციის გავრცელების რეპროდუქციული ინდექსი არ უნდა გაგვექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია შეიძლება, ძალიან მალე დრამატულად გაუარესდეს, რაც ჩვენს მეზობელ სომხეთს დაემართა. თუ იქნება საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის დღეში 50 და მეტი შემთხვევა, ამას უკვე ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. გადაიტვირთება სამედიცინო სფერო და იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სამედიცინო სერვისი, ამის გამო შეექმნებათ პრობლემა და არა კორონავირუსის გამო.
მნიშვნელოვაოა, ყველამ ვიცოდეთ, კორონა არსად წასვლას არ აპირებს, ინფექციის მიმართ ყურადღებას როგორც კი მოვადუნებთ და ბუნებრივი გავრცელების საშუალებას მივცემთ, ის აუცილებლად სწრაფად დააავადებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების მოწყვლადი ფენა, ანუ ქრონიკულად დაავადებული ადამიანები და ხანდაზმული ადამიანების დიდი ნაწილი ემსხვერპლება ამას“, – დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა.