ბიძინა კულუმბეგოვი - აუცილებელია, მოქალაქეების 90-95 პროცენტმა დაიწყოს პირბადის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების მკვეთრი შემცირების საშუალებას, შესაბამისად ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცემა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითქმის 21 000 ტესტზე ავედით; გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, გამოვლენილი ადამიანების რიცხვი პირდაპირპროპორციულად არ გაიზარდა და შესაბამისად, შემცირდა პოზიტიურობის მაჩვენებელი 25 პროცენტამდე, რაც კარგია, თუმცა რამდენიმე დღით ამის განსაზღვრა და ბოლომდე ეპიდემიოლოგიური დასკვნების გაკეთება რთულია, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გაფართოებული ტესტირების ფონზე შემთხვევების გამოვლენის დინამიკაში დაკვირვების აუცილებლობას, რათა სწორი დასკვნები გაკეთდეს.
„უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. ზოგადად, საუბარი იყო მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე. ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. განვიხილეთ იგივე გერმანიისა და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები. ასევე ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. მიუხედავად იმისა, რომ 65 პროცენტამდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95 პროცენტმა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს ერთის მხრივ ეპიდემიის სწორი მართვა და მეორე მხრივ, ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.