ბიძინა კულუმბეგოვი - ამ ეტაპისთვის კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა პიკური პერიოდი ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის ბოლო 7-დღიანი და 14-დღიანი მაჩვენებელი მაღალია, რაც შიდა გავრცელების საკმაოდ ფართო მასშტაბებზე მიუთითებს.
მისივე თქმით, ვირუსის შემთხვევების გამოსავლენად, სასურველია, ქვეყანაში მეტი ტესტი კეთდებოდეს. ამავდროულად, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა პიკური პერიოდი ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს.
„წინა ორი კვირის მონაცემებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ მაღალი დადებითობა გვაქვს. ბოლო შვიდდღიანი და თოთხმეტდღიანი არის თითქმის 17 %. 17%-იანი დადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც შიდა საზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს. ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი აქვეყნებს ყველა ქვეყნის მონაცემს მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ და გარკვეულწილად პროგნოზსაც შემდგომი თვეების განმავლობაში. ჩვენ თუ შევხედავთ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებს, ქვეყანაში შეიძლება, ყოველდღიურად საშუალოდ 6 000-20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. რა თქმა უნდა, ყველას გამოვლენა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ხდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი არ არის ის, რაც უნდა იყოს. სასურველია, ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი და ამას აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა.
ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის, თუმცა პიკური პერიოდი, თუნდაც ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს. ახლა ჩვენ ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც რეალურად არის გავრცელების პლატო. თუ ჩვენ შევხედავთ ამ პროგნოზულ მაჩვენებელს, შეიძლება, შენარჩუნდეს სექტემბერ და ოქტომბრის პირველ ნახევრამდეც კი. დიდი ალბათობით, შემდგომი 4-6 კვირა დრამატული მატება არ გვექნება. არ არის მოლოდინი, რომ იქნება ინფექციის ტრაგიკული გავრცელება, რომელიც გამოიწვევს კლინიკების გადატვირთვას, თუმცა წინა ორი კვირის განმავლობაში, ერთი-ორი ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონალური მკურნალობა და ისინი ჩემთან იყვნენ კონტაქტზე, ვერ მოვახერხეთ მათი სტაციონარში განთავსება, ესეც იყო პრობლემა. ამიტომ ამ მიმართულებით კლინიკების სარეზერვო მზაობა შემოდგომისთვის უფრო უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ამ დროისთვის მხოლოდ 14 პროცენტია.
„პირბადის მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს ამ ეტაპზე – 14 %. სასურველია, რომ შემოდგომის პერიოდზე მოსახლეობას მოვუწოდოთ, იგივე ასაკობრივი ჯგუფების მიუხედავად, რომ როდესაც თავშეყრის ადგილები გაიზრდება, სკოლებში ბავშვები დაბრუნდებიან, ატარონ პირბადე, ვისაც შეუძლია და რამე ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩვენ მსოფლიოში ვერ ვხედავთ ტენდენციას, ინფექცია მიდიოდეს დასრულებისკენ. ამიტომ არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე და ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ გაზარდნონ ტესტირება და გამოავლინონ ინფექცია. თუ ქვეყანაში არ იქნება ტესტირების მასობრივი მოწოდება, გლობალურადაც არავის ეცოდინება, რამდენი ადამიანი ავადობს. წინასწარ პროგნოზირებას ვერავინ აკეთებს, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს 2023 წლის ბოლოსკენ, როდესაც გლობალური პანდემია შეიძლება, გამოცხადდეს როგორც მართვად ინფექციად, ანუ ენდემურ ნაწილად. ჯერ ამის ნიშნები სამწუხაროდ არ არის, რადგან მსოფლიოში კორონავირუსით ყოველკვირეულად დაახლოებით 15 000 ადამიანი იღუპება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.