ბიძინა ივანიშვილმა გორში მოკლული გოგონას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში მოკლული გოგონას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. განცხადება მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით. გუშინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა გულგრილი. შეძრულია მთელი საქართველო.
სამძიმარი გამოვუცხადოთ მშობლებსა და ახლობლებს. როგორც პოლიციაში განაცხადეს, დააკავეს ეჭვმიტანილი მკვლელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.
შსს-მ ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. როგორც პირველ არხს გოგონას ბაბუამ განუცხადა, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.