ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, სალომე ზურაბიშვილს გადააბრალოს
გახსოვთ, როგორ იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დროს, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, უპატრონოდ დატოვეს ტყეში ჯარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი დანაშაული ჰქონდა, მაგრამ თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, ალბათ ყველაზე დიდი დანაშაული იყო მათი პოზიცია 2008 წლის ომში. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, უპატრონოდ დატოვეს ტყეში ცოცხალი ჯარი, სწორედ ეს თემა აქვთ წინა პლანზე წამოწეული.
ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და დააბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში ძალიან ბევრი იზრუნა, რომ რუსულ ჯარს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები.
მახსოვს, თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორ პრინციპულობით გამოირჩეოდა სალომე ზურაბიშვილი საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან, რომ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ, სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს გამონათქვამებში მაქვს ეს, როცა ოპოზიციაში ვიყავი, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული.
აღმაშფოთებელია, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ მონათლონ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ცდილობს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადოს.
„მედია რა დღეში იყო, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცისგან, დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, ძირითადი პროფესია სააკშვილის ეს იყო.
გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, ამასთან უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა.საზოგადოებისთვის იყო დიდი ტრავმა, დიდი სტრესი და ცდილობენ ბავშვების ჩხუბი უნდათ რომ გადააბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და გირგვლიანის მკვლელობის იდენტური უნდათ გახადონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.