ირაკლი კობახიძე ბიძინა გეგიძეს - პარლამენტის ბიურო არ არის ის ადგილი, სადაც ქართული ენის სწავლება შეიძლება
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსათვის“ წევრმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში“ ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
როგორც ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, სარგებლობს რეგლამენტის ნორმით, რომლის თანახმადაც კანონის ინიციატორს აქვს უფლება, რომ კანონპროექტის განმეორებითი კენჭისყრა ერთ თვის ვადაში მოითხოვს.
„ჩვენ დიდი ხანი ველოდებოდით კენჭის ყრას. ბოლო რიგგარეშე სესიაზე დეკემბრის თვეში მოვითხოვე დაგვეყენებინა კენჭის ყრაზე, თუმცა ეს ინიციატივა ჩავარდა, ახლა ვსარგებლობთ რეგლამენტის ნორმით, ვითხოვ დადგეს ხელახალ კენჭის ყრაზე, გავიტანოთ ხვალინდელ სასესიო პერიოდში, რადგან რეგლამენტით ინიციატორს კანონპროექტის ჩაგდებიდან ერთი თვის ვადა აქვს, რომ საკუთარი ინიციატივა ხელახალ კენჭის ყრაზე დააყენოს”, – განაცხადა გეგიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია და მთელი ეს პროცესი, რაც ახლა მიდის ალოგიკურია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რეგლამენტის დარღვევით კენჭის ყრაზე საკითხს ვერ დააყენებდა.
მისივე თქმით, ერთთვიანი ვადა, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუკი სასესიო პერიოდი დასრულებული არ არის.
„პარლამენტის ბიურო არ არის ის ადგილი, სადაც ქართული ენის სწავლება შეიძლება მოხდეს, იურისპრუდენციაზე აღარ ვსაუბრობ. თქვენ ითხოვთ, რომ რეგლამენტის დარღვევით დავაყენო რაღაც კენჭისყრაზე“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ ბიძინა გეგიძეს.
ამასთან, ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბიძინა გეგიძეს ურჩია, რომ საკუთარი ინიციატივა ხელახლა დაარეგისტრიროს.
„მივმართავ თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში და მინიმალური დროის დანაკარგით უზრუნვლეყოთ ის პროცედურები, რომელიც ამ შემთხვევაში დარეგისტრირებასა და განხილვას ახლავს თან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ბიძინა გეგიძე სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას ითხოვს.