უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო
„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაციას წარმოადგენდა.
„ხიდზე თავდასხმა განხორციელდა უპილოტო წყალზე მოძრავი დრონებით. ხიდამდე მიღწევა რთული იყო, თუმცა საბოლოოდ ეს მოხერხდა“, – განუცხადა „ბიბისის“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ტელეგრამ-არხებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოები ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების მიზეზად დრონებით თავდასხმას განიხილავენ. ბლოგერების ცნობით, ყირიმის ხიდის საყრდენთან, სადაც აფეთქება მოხდა, ნაპოვნია წყლის მოტოციკლეტის ნამსხვრევები. უკრაინის ხელისუფლებას ყირიმის ხიდზე თავდასხმა ოფიციალურად არ დაუდასტურებია. სამხედრო ოპერატიული მეთაურობა „სამხრეთის“ სპიკერის ინფორმაციით, შესაძლოა, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება რუსეთის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყოს, რომელიც მოსკოვმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადის ამოწურვის დღეს განზრახ მოაწყო.