„ბიბისის“ ინფორმაციით, „ჰამასის“ წევრებმა ყალბი ანგარიშების გამოყენებით, ისრაელელი სამხედროების ტელეფონებში შეაღწიეს
ისრაელელი სამხედროების ტელეფონებში „ჰამასის“ წევრებმა შეაღწიეს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, „ჰამასის“ წევრები ისრაელის არმიის ჯარისკაცებს ახალგაზრდა ქალების ყალბი ანგარიშებით უკავშირდებოდნენ და „გაცნობას სთავაზობდნენ“.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ გზით, „ჰამასის“ წევრებმა სამხედროების ტელეფონებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეძლეს.
ყალბი ანგარიშების გამოყენებით ჰაკერებს ხელი მიუწვდებოდათ ტელეფონში შენახულ მონაცემებზე, მათ შორის შეეძლოთ სამხედრო მოსამსახურის ადგილმდებარეობის დადგენაც. ჰაკერული პროგრამის გამოყენებით, „ჰამასის“ წევრები ასევე ახერხებდნენ სამხედროების საუბრის ჩაწერასაც.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც „ჰამასის“ წევრები ისრაელელ ჯარისკაცებზე კიბერთავდასხმას აწყობენ.