„ბიბისის“ ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობა, სავარაუდოდ, 225 ათასს აღწევს
„ბიბისის“ ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობა, სავარაუდოდ, 225 ათასს აღწევს

„ბიბისის“ ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობა, სავარაუდოდ, 225 ათასს აღწევს.

„ბიბისის“ რუსულენოვანმა სამსახურმა, გამოცემა „მედიაზონასთან“ ერთად, მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეძლო დაედგინა 1 213 რუსი სამხედროს ვინაობა, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ.

საერთო ჯამში კი, ამ ეტაპზე ორივე ამ გამოცემას იდენტიფიცირებული ჰყავს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული 25 ათასი რუსი ჯარისკაცი.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის დანაკარგები ბოლო პერიოდში გაზრდილია. 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო დანაკარგებთან შედარებით, დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რიცხვი გაორმაგებულია.

ასევე, „ბიბისი“ წერს, რომ, რეალურად, ომში დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია და ყველაზე კონსერვატიული გათვლებით 50 000-ს შეადგენს, ხოლო იმ სამხედროთა საერთო რიცხვი, რომლებიც ომს გამოეთიშნენ სხვადასხვა დაზიანებისა და სიკვდილის გამო, შესაძლოა, 225 ათასს აღწევდეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე მეტი დანაკარგი აღირიცხება იმ სამხედროთა შორის, რომელთაც მინიმალური საომარი მომზადება აქვთ გავლილი. საუბარია მოხალისეებზე, მობილიზებულებზე, ყოფილ მსჯავრდებულებზე, რომლებიც კერძო რუსულ სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ ირიცხებიან და ასევე დონბასში მოქმედი სამხედრო ფორმირებების წევრებზე.

როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მთავრობები ომში დაღუპულთა რიცხვს არ ასაჯაროებენ.