„ბიბისის“ ცნობით, „კრედიტ სუისმა“ 2023 წლის პირველ სამ თვეში 61,2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის აქტივები დაკარგა
„კრედიტ სუისმა“ 2023 წლის პირველ სამ თვეში 61,2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის აქტივები დაკარგა.
„ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ საუბარია შვეიცარიული ბანკის უკანასკნელ ფინანსურ ანგარიშში.
2023 წლის მარტში, ფინანსური პრობლემების წინაშე დამდგარი „კრედიტ სუისის“ დახმარების მიზნით, შვეიცარიის ხელისუფლებამ 200 მილიარდი ფრანკის ფინანსური გარანტიები გასცა. ამის შემდეგ „კრედიტ სუისის“ შეძენას მეორე შვეიცარიული ბანკი „იუბიესი“ დათანხმდა.
მედიის ცნობით, „კრედიტ სუისის“ ფინანსური აქტივების მართვის განყოფილებაში განაცხადეს, რომ მარტის ბოლოს ბანკის აქტივები 502.5 მილიარდ ფრანკამდე შემცირდა, რაც, შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 29%-ით ნაკლებია.
კლიენტებმა შვეიცარიული ბანკიდან აქტივების გატანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-ში Silicon Valley Bank-ი და Signature Bank-ი გაკოტრდა. ამას კი ფინანსურ ბაზრებზე არეულობა მოჰყვა.
„კრედიტ სუისს“ მანამდეც ჰქონდა ფინანსური პრობლემები, მათ შორის იყო ბრალდება ფულის გათეთრების შესახებ.
როგორც „ბიბისი“ წერს, 2022 წელს ბანკმა 7,3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი დაკარგა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ეს ყველაზე დიდი დანაკარგი აღმოჩნდა. ბანკის მესვეურები აცხადებდნენ, რომ 2024 წლამდე მოგებაზე გასვლას არ ელოდებიან.