„ბიბისის“ ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გაშუქებისას კორპორაციამ შეცდომა დაუშვა
„ბიბისის“ ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გაშუქებისას კორპორაციამ შეცდომა დაუშვა

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ბიბისის“ ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ჯონათან მანრომ განაცხადა, რომ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გაშუქებისას კორპორაციამ „შეცდომა“ დაუშვა.

როგორც მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა, მაუწყებლის ენა პირდაპირი გაშუქების დროს არ იყო სწორი.

კერძოდ, საუბარია საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ კორესპონდენტ ჯონ დონისონის პირდაპირ რეპორტაჟზე, რომლის დროსაც მან მაყურებელს მიანიშნა, რომ აფეთქება შესაძლოა, ისრაელის მიერ ყოფილიყო გამოწვეული.

კერძოდ, „ბიბისის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი კორესპონდენტი არასწორად მოიქცა აფეთქების მიზეზთან დაკავშირებით სპეკულირებით.

„არცერთ ეტაპზე მას არ უთქვამს, რომ ეს ისრაელელების მიერ იყო გამოწვეული, თუმცა, ამის მიუხედავად, როდესაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ სპეკულირება მოვახდინეთ, მნიშვნელოვანია, გამოვასწოროთ, რაც გავაკეთეთ“, – განაცხადა „ბიბისის“ წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ მაუწყებელი გააძლიერებს ძალისხმევას, რათა გაშუქების ენა აბსოლუტურად ზუსტი იყოს.

„ჩვენ პირდაპირ ეთერში, 24 საათის განმავლობაში რადიოთი, ტელევიზიით და ონლაინ ამ საკითხს 43 ენაზე ვაშუქებთ. რაღაც მომენტში ადამიანები უშვებენ შეცდომას რამე ნაწილში. როდესაც ამას აზვიადებენ ან იყენებენ არასწორი ქმედებების მაგალითად, ეს ძალიან არაკომფორტულია. და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა მანრომ.

აფეთქება ღაზაში მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე 17 ოქტომბერს მოხდა. „ჰამასმა“ ისრაელი სამედიცინო ობიექტის დაბომბვაში დაადანაშაულა, თუმცა ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ საავადმყოფოს აფეთქება მოძრაობა „ისლამური ჯიჰადის“ მიერ არასწორად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა აუდიო და ვიდეომასალა გამოაქვეყნეს, რომელიც, მათი თქმით, ამას ადასტურებს. 19 ოქტომბერს ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას „ბიბისის“ მიერ კონფლიქტის გაშუქებაზეც ისაუბრა. ისრაელის პრეზიდენტმა ფაქტების დამახინჯება უწოდა იმას, რომ მაუწყებელი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ მოიხსენიებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მაუწყებლებს მოუწოდა, ყურადღება უფრო მეტად გაამახვილონ სიზუსტეზე, ვიდრე სისწრაფეზე, რადგან მათ სიტყვებს აქვთ გავლენა როგორც ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში.