„ბიბისი“ - ვლადიმერ პუტინმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე მოხალისეების და დაქირავებული მებრძოლების „დისკრედიტაციისა“ და მათ შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე მოხალისეებისა და დაქირავებული მებრძოლების „დისკრედიტაციისა“ და მათ შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, – ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისა“ და მის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების შესახებ მუხლი რუსეთის კანონმდებლობაში გასული წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. ახლა ეს კანონი მოხალისეებზე და დაქირავებულ მებრძოლებზეც გავრცელდება. კანონი შემუშავდა კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ინიციატივით, რომელმაც იანვარში სახელმწიფო დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მედია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პატიმრებს ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს.
„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნული კანონის დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდა. სამიდან ხუთ წლამდე გაიზარდა პატიმრობა „ყალბი“ ამბების გავრცელებისთვის და „დისკრედიტაციისთვის“ დამამძიმებელი გარემოებების გარეშე. შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალსწინებს „დისკრედიტაცია“ საპროტესტო გამოსვლების მოწოდებებით ან მძიმე შედეგებით.