„ბიბისი“ - სუდანიდან აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება
„ბიბისი“ - სუდანიდან აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება

სუდანიდან ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაცია საჰაერო გზით განხორციელდება, – ინფორმაციას „ბიბისი“ სუდანის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არმიის მეთაური ფარაჰ ალ ბურჰანი მზაობას გამოთქვამს, უზრუნველყოს ევაკუაციის უსაფრთხოება.

სუდანიდან დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაცია, სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე საათში დაიწყება.

მედიის ცნობით, სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 413 ადამიანია მოკლული, 3 550-ზე მეტი კი დაშავებული.