„ბიბისი“ - რუსეთმა ხელმეორედ გამოაცხადა ძებნა უფლებადამცველ ორგანიზაცია Gulagu.net-ის დამფუძნებელზე, რომელმაც ციხეებში პატიმრების წამების ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა
რუსეთმა ხელმეორედ გამოაცხადა ძებნა უფლებადამცველ ორგანიზაცია Gulagu.net-ის დამფუძნებელ ვლადიმირ ოსეჩკინზე, რომელმაც ციხეებში პატიმრების წამების ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ძებნის გამოცხადების შესახებ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად ოსეჩკინმაც დაწერა.
ვლადიმირ ოსეჩკინი 2015 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს. მასზე 2020 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა თაღლითობის საქმეზე, რომელზეც ივლისში მოსკოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
ოქტომბრის დასაწყისში უფლებადამცველმა ორგანიზაცია Gulagu.net-მა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში აღმოჩნდა პატიმრების წამების ვიდეოკადრები, რომელთა მოცულობა 40 გიგაბაიტზე მეტია. ორგანიზაციამ ვიდეოს ნაწილი გაასაჯაროვა. ოსეჩკინის განცხადებით, ორგანიზაციამ მოიპოვა და რუსეთიდან გაიტანა ათასზე მეტი ვიდეოფაილი, რომლებითაც დასტურდება რუსეთის კოლონიებში წამების სისტემური ხასიათი. ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის საქმეებზე შვიდი საქმე აღძრა.