„ბიბისი“ (BBC) - რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხო არ არის, საქართველოში მყოფი რუსები კი საპირისპიროს ამბობენ
რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხო არ არის, საქართველოში მყოფი რუსები საპირისპიროს ამბობენ, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბიბისი“ (BBC) და რუსულ მედიაში გავრცელებულ მოწოდებებს ეხმაურება.
„სახელმწიფო გაფრთხილებს, რომ საქართველოში თქვენს უსაფრთხოებას ვერავინ უზრუნველყოფს. არ შეიძლება, გაცვალოთ თქვენი ღირსება თბილისში ჩასვლისას ერთ ბოთლ უფასო ღვინოზე“, – ციტირებს „ბიბისი“ „რასია 1“-ის ტელეწამყვან ოლგა სკაბეევას სიტყვებს. აქვე აღნიშნულია, რომ რუსი ჟურნალისტი „უფრო შორს წავიდა“ და საფრთხის შესახებ ამცნო თანამოქალაქეებს, როდესაც განაცხადა: „საქართველოში რუსებს კლავენ“.
„ბიბისი“ ასევე წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეაგირება, 8 ივლისიდან საქართველოში ფრენები აეკრძალა და შეზღუდვები დაეწესებინა ქართული ღვინის იმპორტისთვის, „საკმაოდ სწრაფი იყო“.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოში მყოფ რუსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
„ჩვენ არ ვუსმენთ პუტინის რჩევას, საკუთარი აზრი გვაქვს“, – ციტირებს შარდენის ქუჩიდან ერთ-ერთ რუს ტურისტს სტატიის ავტორი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მასთან ინტერვიუში არცერთ რესპონდენტს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება არ გამოუთქვამს.
„აქ ჩამოსვლამდე მეგობრებთან გადავამოწმეთ და მათ გვითხრეს, რომ სრულიად უსაფრთხოა“, – აცხადებს კიდევ ერთი რუსი ტურისტი.
მისივე თქმით, „რუსების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არის. პირიქით, ხალხი ძალიან მეგობრულია და ჩემს შვილს საჩუქრებს ჩუქნიან“.
„ბიბისისთან“ ინტერვიუში რუსი ტურისტები აცხადებენ, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვით ხალხს პრობლემა შეექმნა, თუმცა რუსეთიდან საქართველოში მაინც ჩამოვლენ მინსკისა და ანკარის გავლით.
„ბიბისი“ ასევე ესაუბრა ანნა დენისოვას, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად 2.5 წლის წინ გადმოვიდა და შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმრო ბიზნესს უძღვება.
„აქ 10 წლის განმავლობაში ჩამოვდიოდით და მცირეოდენი უარყოფითი დამოკიდებულებაც კი ჩვენი, როგორც რუსების მიმართ, არ მიგრძნია“, – აცხადებს ანნა.
„ბიბისი“ მკითხველს უყვება ასევე სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწყებულ კამპანიაზე #spendyoursummeringeorgia, სადაც საქართველო მხარდამჭერ გზავნილებს იღებს.