„ბიბისი“ - კიევი ალექსანდრ დუგინის შვილის გარდაცვალებაში მონაწილეობას უარყოფს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა გასულ ღამით მოსკოვის რაიონში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის დროსაც ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა.
„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამასთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის კომენტარს „ბიბისი“ ავრცელებს.
პოდოლიაკის შეფასებით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლის და უკრაინის მიმართ სიძულვილის გასაზრდელად.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში გუშინ ააფეთქეს. „ბიბისი“ წერს, რომ სავარაუდოდ აფეთქების სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში გადაწყვიტა, სხვა მანქანით წასულიყო.