„ბიბისი“ - კანადა იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც სიგარეტის თითოეულ ღერზე გამაფრთხილებელი წარწერების დაბეჭდვას დაიწყებს
„ბიბისი“ - კანადა იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც სიგარეტის თითოეულ ღერზე გამაფრთხილებელი წარწერების დაბეჭდვას დაიწყებს

კანადა იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც სიგარეტის თითოეულ ღერზე გამაფრთხილებელი წარწერების დაბეჭდვას დაიწყებს, რათა ახალგაზრდებმა სიგარეტის მოწევა შეწყვიტონ, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, ახალი რეგულაცია ძალაში სამშაბათიდან შევა, ახალ გამაფრთხილებელ ეტიკეტებს კი კანადელები მომავალი წლიდან იხილავენ.

გაფრთხილებები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იქნება. სიგარეტის თითოეულ ღერზე დატანილი იქნება წარწერები: „სიგარეტი იწვევს კიბოს“, „შხამი ყოველ შესუნთქვაში“ და ა.შ.

2024 წლის ივლისისთვის მწარმოებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ გაფრთხილებები იქნება ყველა გაყიდულ დიდი ზომის სიგარეტზე, ხოლო 2025 წლის აპრილისთვის ყველა ჩვეულებრივი ზომის სიგარეტი და პატარა სიგარა უნდა შეიცავდეს გაფრთხილებებს. ფილტრის საშუალებით გამოჩნდება ფრაზები, მათ შორის გაფრთხილებები ბავშვების დაზიანების, ორგანოების დაზიანების, იმპოტენციისა და ლეიკემიის გამოწვევის შესახებ.

კანადაში განაცხადეს, რომ ახალი რეგულაციები, ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდის, მწარმოებლებმა თამბაქოს პროდუქტებზე გაფრთხილებების დაწერას თავი აარიდონ.

როგორც მედია წერს, თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 48 000 კანადელს კლავს, ეს ნაბიჯი კი არის კანადის ძალისხმევის ნაწილი, რათა შეამციროს თამბაქოს მოხმარება.

კანადაში, 2021 წლის თამბაქოსა და ნიკოტინის ეროვნული კვლევის მიხედვით, 15 წელზე უფროსი ასაკის მწეველთა მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ია, თუმცა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება სულ უფრო იზრდება.