„ბიბისი“ - ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მომუშავე ჟურნალისტებმა ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ, მედიასაშუალებები ბრალდებას უარყოფენ
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჟურნალისტებმა ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
კერძოდ, ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა, შლომო კარჰიმ დაადანაშაულა ღაზაში მცხოვრები, ოთხ დასავლურ მედიასთან მომუშავე ჟურნალისტები თავდასხმის გეგმების წინასწარ ცოდნაში.
„თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ამ საშინელი თავდასხმის შესახებ“, – მიმართა კარჰიმ Reuters-ს, AP-ს, CNN-ს და New York Times-ს.
ამასთან, Reuters-მა, AP-მა CNN-მა და New York Times-მა უარყვეს რაიმე სახის ინფორმაციის წინასწარი ფლობა. New Yourk Times-ში განაცხადეს, რომ ასეთი ბრალდებები საფრთხეს უქმნის თავისუფალ ჟურნალისტებს. AP-მ თქვა, რომ წინასწარ არ იცოდა 7 ოქტომბრის თავდასხმების შესახებ და ამასთანავე, აღნიშნა, რომ სააგენტო „აღარ მუშაობს ჰასან ესლაიასთან“, ანგარიშში დასახელებულ ერთ-ერთ ფოტოგრაფთან. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ანგარიშში ნაჩვენებია სწორედ ჰასან ესლაის „ჰამასის“ ლიდერთან, იაჰია სინვართან ერთად გადაღებული ფოტო.
ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ფოტოგრაფები ღაზაში იმყოფებოდნენ, „ამ საშინელებებს იღებდნენ და, ფაქტობრივად, გახდნენ ამ შემზარავი მოვლენის მონაწილეები“.
ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა აღნიშნა, რომ „ფოტოჟურნალისტები ტერორისტებად უნდა გამოცხადდნენ, თუ დადასტურდება, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ მათ წინასწარ იცოდნენ“.
„ჟურნალისტები, რომლებიც, აღმოჩნდა, რომ იცოდნენ ხოცვა-ჟლეტის შესახებ და მაინც არჩიეს დგომა მაყურებლებად, ვიდრე ბავშვებს ხოცავდნენ, არაფრით განსხვავდებიან ტერორისტებისგან და მათ უნდა მოექცნენ ისე, როგორც ტერორისტებს“, – წერს ბენი განცი „ტვიტერზე“.