„ბიბისი“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ლოკდაუნის დროს წვეულებებზე დასწრების გამო დაჯარიმდებიან
„ბიბისის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი ე.წ. ლოკდაუნის დროს წვეულებებზე დასწრების გამო დაჯარიმდებიან.
მათივე ინფორმაციით, ჯონსონის ოფისმა დაადასტურა, რომ ორივე თანამდებობის პირზე ჯარიმები მეტროპოლიტენის პოლიციისგან მართლაც მიიღეს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის სპიკერმა აღნიშნა, რომ ბორის ჯონსონს და რიში სუნაკს ჯერჯერობით არ განუმარტეს, რომელი შემთხვევის გამო ჯარიმდებიან.
როგორც მედია წერს, ლონდონის პოლიცია იძიებს 12 ღონისძიებას, რომელიც გაიმართა ლონდონის ქუჩაზე, დაუნინგ სტრიტზე და სხვა სამთავრობო შენობებში კოვიდპანდემიის დროს დაწესებული ე.წ. ლოკდაუნის დროს.
„ბიბისის“ ცნობით, გამოძიების შედეგად უკვე დაჯარიმდა 50-ზე მეტი პირი, თუმცა პოლიცია დაჯარიმებულთა ვინაობის დასახელებას არ აპირებს.
ამასთან, როგორც მედია იუწყება, მანამდე ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ საზოგადოებას აცნობებდა, იყო თუ არა დამრღვევთა შორის პრემიერ-მინისტრი ან ფინანსთა მინისტრი. მედია წერს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, კირ სტარმერის განცხადებით, ბორის ჯონსონმა და რიში სუნაკმა დაარღვიეს კანონი და მოატყუეს ბრიტანელი ხალხი, რის გამოც ორივე უნდა გადადგეს თანამდებობიდან.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში საშობაო წვეულება გაიმართა 18 დეკემბერს. ორი დღით ადრე, 16 დეკემბერს მთავრობამ უმკაცრესი შეზღუდვები დააწესა, რომლის გამო ქვეყნის მასშტაბით დაიხურა რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და აიკრძალა სადღესასწაულო შეკრებები.