„ბიბისი“ - ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის „უნივერსალურ მეთოდს“ მიაკვლიეს
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოს განკურნების „უნივერსალურ მეთოდს“ მიაკვლიეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენა, ექიმებს ადამიანის იმუნური სისტემის „მოდიფიკაციისა“და მისი კიბოს უჯრედების წინააღმდეგ „მიმართვის“ საშუალებას მისცემს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური წამლის გამოგონება გააიოლოს.
ახალი მეთოდი ჯერ კლინიკურად გამოცდილი არ არის, თუმცა მკვლევარები აცხადებენ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს. კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერების ნაშრომი ჟურნალ „ნაიჩურ იმონოლჯიში“ გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა ადამიანის იმუნური სისტემის, უნიკალური ტიპის უჯრედები – ტ-ლიმფოციტები აღმოჩინეს. აღნიშნულ უჯრედებს, სხვებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ტიპის საფრთხის განეიტრალება შეუძლიათ.
„არსებობს შანსი, რომ ამ აღმოჩენებმა ყველა პაციენტი განკურნოს. ადრე არავის წარმოედგინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია“, – აცხადებს „ბიბისისთან“ საუბრის დროს მკვლევარი, ჰენრი სიუელი.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ტ-ლიმფოციტების უჯრედების ზედაპირზე არსებობს ქიმიური რეცეპტორები, რომელთა საშუალებითაც ისინი განსაზღვრავენ ანტიგენებს, რომლებიც ორგანიზმს საფრთხეს უქმნიან.
ეს მეთოდი გამოსცადეს ფილტვების, სისხლის, მკერდის, ნაწლავის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედებზე.
შედეგად ლიმფოციტები ანადგურებდნენ კიბოს უჯრედებს და არ ეხებოდნენ ჯანმრთელ უჯრედებს.
როგორ არჩევს ტ-ლიმფოციტი კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედებისგან ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ მისი რეცეპტორები ურთიერთქმედებენ ემ-ერ-1-ის სახლით ცნობილ მოლეკულასთან, რომელიც ადამიანი ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედის ზედაპირზე არსებობს.
როგორც ცნობილია, კიბოს უჯრედები იყენებენ ემ-ერ-1-ის ტიპის მოლეკულებს, რათა იმუნურ სისტემას „დაემალონ“. მაგრამ, როგორც კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, ტ-ლიმფოციტს შეუძლია ემ-ერ-1-ის ტიპის უჯრედისგან მიიღოს სიგნალი, რომ უჯრედის მეტაბოლიზმი დარღვეულია, შესაბამისად, ეს არის სიმსივნის უჯრედი.
„ჩვენ პირველებმა შევძელით ტ-უჯრედები აღწერა, რომელსაც კიბოს უჯრედებში ემ-ერ-1-ის აღმოჩენა შეუძლია. მანამდე ეს არავის გაუკეთებია“, – ამბობს „ბიბისისთან“ მკვლევარი ჰარი დოლტონი.
ეს კვლევა ამ სფეროში პირველი არ არის. იმუნური სისტემის კიბოს წინააღმდეგ „მიმართვის“ ექსპერიმენტებს დიდი ხანია ატარებენ.
მათ შორის, ყველაზე ცნობილი არის „სი-ეი-არ-თი“, რომლის საშუალებითაც ადამიანის იმუნურ სისტემას ლეიკემიის წინააღმდეგ საბრძოლველად „მიმართავენ“,„სი-ეი-არ-თის“ შემთხვევაში, ტ-ლიფოციტების „გენური მოდიფიკაცია“ ხდება, რათა მათ კიბოს უჯრედების პოვნა და განადგურება შეეძლოთ. შემდეგ მოდიფიცირებულ ლიმფოციტებს ადამიანის ორგანიზმში აბრუნებენ, სადაც მათი რაოდენობა იმ შემთხვევაში იზრდება, როდესაც ისინი კიბოს უჯრედებს აღმოაჩენენ.