„ბიბისი“ - ბრაზილიის ქალაქებში საავადმყოფოები კოლაფსის ზღვარზეა
„ბიბისი“ - ბრაზილიის ქალაქებში საავადმყოფოები კოლაფსის ზღვარზეა

ბრაზილიის ქალაქებში საავადმყოფოები კოლაფსის ზღვარზე, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც ბრიტანული ტელეკომპანია იუწყება, ახალი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ქვეყნის 27 შტატიდან 25-ში მდგომაროება მძიმეა. დიდი ქალაქების უმეტესობაში საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების 80 პროცენტი შევსებულია.

რთული სიტუაციაა რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიასა და სან პაულუშიც. სპეციალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, სისტემა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დაბალი ტემპით. ამ ეტაპზე აცრილია რვა მილიონი მოქალაქე, რაც ბრაზილიის მოსახლეობის ოთხ პროცენტს წარმოადგენს.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რეკორდული რაოდენობის, 1972 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა ვირუსის 70 000 ახალი შემთხვევა.

სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის გავრცელებას უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კვლავაც ამტკიცებს, რომ სიტუაცია საგანგაშო არ არის. გუბერნატორების ნაწილმა პრეზიდენტის განცხადებების მიუხედავად, კარანტინი მაინც გამოაცხადა.