„ბიბისი“ - ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსი ირანულმა ავიაკომპანია „მაჰან ეარმა“ გაავრცელა
ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსი ირანულმა ავიაკომპანია „მაჰან ეარმა“ გაავრცელა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, გამოძიების ანგარიშის მიხედვით, „მაჰან ეარის“ თვითმფრინავებმა ინფიცირებული მგზავრები ირანიდან ლიბანსა და ერაყში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორივე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
„ბიბისი“ წერს, რომ ეკიპაჟის წევრები ავიაკომპანიამ გააჩუმა, როდესაც ცდილობდნენ, ხმამაღლა გამოეხატათ შეშფოთება ვირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე და დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობაზე. ფრენის მონაცემების ბაზა ასევე აჩვენებს, რომ ავიაკომპანია რამდენჯერმე გაფრინდა ჩინეთში, თეირანის მიერ ფრენის აკრძალვის მიუხედავად.