„ბი-ბი-სის“ რადიოს წამყვანი სოციალურ ქსელში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის შესახებ შეუარცხმყოფელი პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სის“ რადიოს წამყვანი დენი ბეიკერი სოციალურ ქსელში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის შესახებ შეუარცხმყოფელი პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც წყვილს უჭირავს ტანსაცმლიანი შიმპანზე. ფოტოს ახლდა წარწერა – „სამეფო ოჯახის ბავშვი ტოვებს ჰოსპიტალს“. ამ ფაქტს დიდ ბრიტანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, რადიოწამყვანმა პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა. ბეიკერმა მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს „სულელური, დაუფიქრებელი ფოტო“ უწოდა, თუმცა ამავე დროს გააკრიტიკა „ბი-ბი-სის“ გადაწყვეტილება სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით. ჟურნალისტი არ ეთანხმება მოსაზრებებს, რომ მისი ქმედება რასიზმის ნიშნებს შეიცავდა.
„მე იგივე სულელურ ფოტოს გამოვიყენებდი სამეფო ოჯახის ნებისმიერი წევრის, ბორის ჯონსონის ბავშვის ან ჩემი საკუთარი შვილის დაბადების შემთხვევაშიც კი. ეს სახალისო გამოსახულებაა. (თუმცა, რა თქმა უნდა, არა ამ კონტექსტში) ამიტომ ეს დიდი შეცდომაა. გროტესკი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, არჩი, მეგობარო, მაპატიე“, – დაწერა დენი ბეიკერმა.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის განცხადებაშია აღნიშნული, ბეიკერის პოსტი „ტვიტერში“ ეწინააღმდეგებოდა მაუწყებლის ღირებულებებსს. „დენი შესანიშნავი წამყვანია, თუმცა ის არ წარადგენს ყოველკვირეულ შოუს ჩვენთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
დენი ბეიკერს „ბი-ბი-სი 5“-ის ეთერში შაბათ-კვირას მიჰყავდა გადაცემა. ის ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციასთან 80-იანი წლების ბოლოდან თანამშრომლობდა.
შეგახსენებთ, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთი ახალშობილის ფოტოები პირველად 8 მაისს გაავრცელეს. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შვილს არჩი დაარქვეს.