ბესო წერედიანი - კონსტიტუციით მაქვს უფლება, მოვაწყო დემონსტრაციები, ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, ეს თუ არის სახელმწიფო გადატრიალება და ამისათვის მიპირებენ დაკავებას, კი ბატონო, მზად ვარ
სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო წერედიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.
სასამართლოში ამ წუთებში ასევე იკითხებიან აქტივისტები გიორგი შერვაშიძე და დავით მახარაძე. როგორც წერედიანმა განაცხადა, სასამართლოს სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას და არაფრის დამალვას არ აპირებს.
„არ ვაპირებ არაფრის დამალვას, იმის მიწოდებას ვაპირებ, რაც იყო. ხმა რეალურად ჩემია, შეხვედრაც რეალურად იყო, ეს არ იყო არანაირი თათბირი და წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა. მსგავსი შეხვედრები იმართება მუდმივად პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში. იმ დღეს შემთხვევით შევედი და ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტდა მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. ამიტომ მოვყვები იმას, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ დიახ, კონსტიტუციით მაქვს უფლება, მოვაწყო დემონსტრაციები, მანიფესტაციები, მოვაწყო ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება. ეს თუ არის სახელმწიფო გადატრიალება და ამისათვის მიპირებენ დაკავებას, კი ბატონო, მზად ვარ. იმის ნაცვლად, რომ სუს-ი დაკავებული იყოს იმით, რაც ხდება საოკუპაციო ზოლს მიღმა, იმის მაგივრად, რომ სუს-ი დაკავებული იყოს ოთხოზორიას მკვლელების პოვნით და ასე შემდეგ, ცხრა წლის განმავლობაში სუს-ს არ გამოუვლენია არც ერთი რუსი აგენტი, მიმართული არის ჩემნაირი აქტიური ადამიანების წინააღმდეგ. თუ სუს-ს უნდა ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, აიღოს ჩემი ნებისმიერი ფეისბუქსტატუსი, სადაც საუბარი არის წლების განმავლობაში ზუსტად იმავეზე, რასაც ვლაპარაკობ იქ. ამ ქვეყნის მოსახლეობას აქვს უფლება, გამოვიდეს, გააპროტესტოს. დიახ, მე წინააღმდეგი ვიყავი იმ აქციის დაშლის, რადგან ხალხი დაიღალა და მთავრობა უნდა გადადგეს, გადადგეს მშვიდობიანი მეთოდებით. მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, როდესაც მოსახლეობა აიძულებს არაფრის მაქნის მთავრობას, უბრალოდ გადადგეს. არანაირი ომი, მათგან განსხვავებით, ჩვენ ვფიქრობთ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არც ერთი ჩვენგანისგან არაფერი ისეთი არ განხორციელდება, რაც ჩვენი შვილების მომავალს დააზიანებს. ჩემი ხმა ავთენტურია, კონკრეტული საუბარი ამოღებულია პრეზიდენტის ბიბლიოთეკიდან, მაგრამ შედგენილია რამდენიმე შეხვედრისაგან, რადგან მსგავსი შეხვედრები არაერთგზის იმართება პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში“, – განაცხადა ბესო წერედიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. როგორც სუს-ში 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა. ამასთან, ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომელშიც ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო წერედიანი.