ბესო შენგელია - პასუხს ვაგებ „დირსის" მე-15 კორპუსზე, რომ იქ არაფერი არ არის დაზიანებული
ბესო შენგელია - პასუხს ვაგებ „დირსის" მე-15 კორპუსზე, რომ იქ არაფერი არ არის დაზიანებული

პასუხს ვაგებ მე-15 კორპუსზე, რომ იქ არაფერი არ არის დაზიანებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„რაც ახლაც ვნახე, ამ საღამოს, რაც იმ სიბნელეში შევძელი, არაფერი არ არის დაზიანებული, არავის არაფერი დაუმტვრევია, დაულეწავს და მით უმეტეს, ფიზიკურად არავინ არავის შეხებია. ის, რაც ტელეეთერებში გავიდა, ე.წ შეხლა-შემოხლა პოლიციასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, ეს იყო მე-13 კორპუსის კადრები. მე-15 კორპუსში იძულებით გადაადგილებული პირები შევიდნენ თავისუფლად. უბრალოდ, გამოაღეს სადარბაზოს კარი და შევიდნენ ისე,“ – განაცხადა ბესო შენგელიამ.

მისი თქმით, „დირსის“ მე-15 კორპუსში მყოფ დევნილებს ერთი ღერი ასანთიც კი არ გაუტეხავთ და იქ დაზიანებული არაფერი არ არის.

„ასე რომ, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ნურავინ შეაწმენდს ხელს მე-15 კორპუსში მყოფ დევნილებს“, – განაცხადა შენგელიამ და პირდაპირ ეთერში თხოვნით მიმართა იმ ადამიანებს, ვისაც ტერიტორიაზე პირთა შეშვება ეხებათ, რომ იქ ჟურნალისტები და ოპერატორები შეუშვან. 

ბესო შენგელიამ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის, დევნილთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები დაძრულია.

„შეთანხმება არის შემდეგი – სამინისტროს წარმომადგენლებს შეუშვებენ კონკრეტულ სადარბაზოებში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები არიან და მოხდება ხელახალი აღრიცხვა, მათ მიერ გადაცემული სიის დაზუსტება, თუ ვინ არის აღნიშნულ მისამართზე და შემდეგ მოხდება ამ ადამიანების გადამოწმება, რამდენად რეალურია მათი მოთხოვნები, ეკუთვნით თუ არა მათ ფართები, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი სხვადასხვა მოთხოვნებს და ა.შ“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.