ბესო შენგელია - დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებაზე დიალოგი წარიმართა კარგად, შეთანხმება მიღწეულია
ბესო შენგელია - დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებაზე დიალოგი წარიმართა კარგად, შეთანხმება მიღწეულია

შეთანხმება მიღწეულია, სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ დევნილი ოჯახების მიერ „დირსის“ დატოვების შემდეგ განაცხადა.

„მინდა, ყველას მივულოცო, რომ ეს სიტუაცია დასრულდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა ეს მძიმე სიტუაცია დასრულდა. შეთანხმება მიღწეულია და დიალოგი წარიმართა კარგად. სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ზოგი მიიღებს ბინას, ზოგი ფულად დახმარებას. უნდა გაითვალისწინონ, რომ დღეს და ხვალ ვერ მოხდება. ეს არის ძალიან კარგი, როცა ამ ადამიანებს მიეხედებათ. მე ყველა მხარეს ვუხდი მადლობას, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში, მაგრამ ცალსახაა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა. 38 000 დევნილი ელოდება ფართით დაკმაყოფილებას და უკეთესი იქნება, ბევრად კარგი კრიტერიუმები შევთავაზოთ, რომ მსგავსი პროტესტი აღარ გაუჩნდეთ. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ნახვა იყო ძალიან მძიმე, მაგრამ შედეგი მიღწეულია და იმედს ვიტოვებ, ყველაფერი ისე დასრულდება, რა პირობებიც მიიღეს ამ ადამიანებმა. „დირსის“ შენობა თავისუფალია. „დირსის“ წარმომადგენლებს შეუძლიათ, ახლავე შეამოწმონ და ნახონ, რომ არაფერია დამტვრეული და იგივე სიტუაციაა, როგორც დევნილების შესვლამდე“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.

„დირსის“ შენობა დღეს ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა. „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას მოითხოვდნენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახი იყო შესული.