ბესიკ ლილუაშვილი - დარწმუნებული იყავით, ჩემს სახელფასო ანგარიშზე საჰონორარო თანხის ჩარიცხვისა და გადარიცხვის დოკუმენტებს აუცილებლად გავასაჯაროებ
ბესიკ ლილუაშვილი - დარწმუნებული იყავით, ჩემს სახელფასო ანგარიშზე საჰონორარო თანხის ჩარიცხვისა და გადარიცხვის დოკუმენტებს აუცილებლად გავასაჯაროებ

საჰონორარო ნაწილში დარჩენილი თანხა მუხლობრივად სხვაგვარად არ ნაწილდებოდა, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბესიკ ლილუაშვილმა, რომელიც განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი საჰონორარო თანხის ნაწილის, 50 492 ლარის საბჭოს წევრებზე გადანაწილებას.

მისივე თქმით, საბჭოს წევრებზე დარიცხული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

„ჩვენ გვინდოდა, რომ თანხა ერთიანად მიგვემართა საქველმოქმედო ფონდში, მაგრამ ასე არ ხერხდებოდა. უმეტესი ნაწილი, 82 ათასი ჩვენ დავტოვეთ ტელევიზიის ბიუჯეტში. ნაწილი კი გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივად სხვაგვარად არ ხერხდებოდა, მხარი დავუჭირე, გადანაწილებულიყო საბჭოს წევრებზე იმ პირობით და იმ დათქმით, რომ სრული თანხა, რომელიც დაჯდებოდა ჩვენს ანგარიშზე, წასულიყო ქველმოქმედებაში. ეს პრაქტიკა იყო შარშანაც. ჩვენ მაშინაც დავეხმარეთ ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებოდათ დახმარება იმ მომენტისთვის. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ თანხით ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს, რომელსაც სჭირდებათ ეს დახმარება. ზუსტად არ მახსოვს, შარშან რამდენი ადამიანი იყო, მაგრამ მაშინ კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან, რომელიც გვეხმარებოდა. იყო მოწოდებული სია, იყო რამდენიმე ადამიანი ამ სიიდან, თუმცა უცებ რაღაც მოხდა და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატა. ამ ადამიანებს დავეხმარეთ. წელს რაღაც სია უკვე არსებობს, თუმცა ამას გარდა განიხილება კიდევ ვარიანტები. გვინდა ონკოლოგიურად დაავდებული ადამიანების დახმარებაც, განიხილებოდა კოვიდ ცენტრშიც ამ თანხის გადარიცხვა და ა.შ.“,- განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, საჰონორარო თანხის სახელფასო ბარათზე ჩარიცხვისა და გადარიცხვის დოკუმენტს აუცილებლად გაასაჯაროებს.

„დარწმუნებული იყავით, როგორც ჩემს სახელფასო ანგარიშზე ამ თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს, ისე გადარიცხვის დოკუმენტს აუცილებლად გავასაჯაროებ. ახლა ისე გამომდის, თითქოს თავს ვიმართლებ, რომ ამ ქვეყანაში ქველმოქმედება დასჯადი გახდა. მინდა, ყველა დავარწმუნო და დავამშვიდო – არც ერთი თეთრი იმ თანხიდან, რომელიც დაჯდება ანგარიშზე, ჩემს ჯიბეში არ წავა და საჯაროს გავხდი ყველა დოკუმენტაციას“,-აღნიშნა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილი განმარტავს, როგორ შეიძლება გადანაწილდეს თანხები ადამიანებზე, ვისაც დახმარება სჭირდებათ.

„შარშანდელი მაგალითით შემიძლია, ვიხელმძღვანელო. ვიღაც მოდიოდა და ამბობდა, რომ კვლევისთვის ან ქიმიოთერაპიისთვის სჭირდებოდა კონკრეტული თანხა და რასაც სწვდებოდა ეს თანხა, იმით ვეხმარებოდით. სავარაუდოდ ახალი სიებიც იქნება სამდივნოში, გაკეთდება. ჯერ თანხაც არ არის ჩარიცხული, სიაც გაკეთდება და სად მიემართება თანხები, ყველაფერი იქნება საჯარო იმ შემთხვევაში, თუ არ დავარღვევთ იმ ადამიანებისა და ბენეფიციარების ინტერესებს, ვისაც დავეხმარებით“,- განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.