ბესიკ დონაძე - 2 ოქტომბერს არის რეფერენდუმი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხოლო „ევროპული საქართველო“ ამ ბრძოლაში არის ყველაზე სანდო პარტნიორი
2 ოქტომბერს არის რეფერენდუმი, წყდება საქართველოს განვითარების ბედი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხოლო „ევროპული საქართველო“ ამ ბრძოლაში არის ყველაზე სანდო პარტნიორი დღეს წარმოდგენილ პოლიტიკურ სპექტრში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ბესიკ დონაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, 10 პარტიას შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
როგორც ბესიკ დონაძემ აღნიშნა, 2 ოქტომბერს მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ოპოზიციას.
„2 ოქტომბერს მოქალაქეებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოვიდნენ არჩევნები, მისცენ ხმა ოპოზიციას, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, რომ ეს ხელისუფლება დავასრულოთ და 2 ოქტომბერს მივცეთ საშუალება საქართველოს განვითარების, მოქალაქეებმა იცხოვრონ განვითარებულ, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში“, – განაცხადა დონაძემ.
საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.