ბესარიონ ხარძიანი - მამაჩემმა საპყრობილე დატოვა 2012 წლის 6 დეკემბერს, როდესაც მოხდა პოლიტიკური ცვლილებები, გამოშვებას არ აპირებდნენ, უპირებდნენ შიგნით მოკვლას, რადგან იცოდნენ, რომ არ გაჩერდებოდა
მამაჩემმა საპყრობილე დატოვა 2012 წლის 6 დეკემბერს, როდესაც მოხდა პოლიტიკური ცვლილებები. გამოშვებას არ აპირებდნენ, უპირებდნენ შიგნით მოკვლას, რადგან იცოდნენ მისი ხასიათი, რომ არ გაჩერდებოდა, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ხარძიანის თქმით, 2011 წლის 16 თებერვალს მამამისს იძულებით მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რის შემდეგაც მოათავსეს გლდანის მერვე დაწესებულებაში და მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა.
„2011 წლის 16 თებერვალს მამაჩემს ვარაზისხევში, დაახლოებით იქ, სადაც ესტაკადა მთავრდება, აჩერებენ სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები. 2011 წელს ამდენი ვიდეოთვალი ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს. არსებობს 10 მოწმე და ათივე არის თანამშრომელი. მათ შორის ერთზე უნდა ვთქვა, დაზუსტებით ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შემდეგ მოგაწვდით. ერთ-ერთი არის მესხი, რომელიც მამაჩემს პირში წამალს აყრიდა. თუ არ ვცდები, სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში არის დღესაც. მინდა, ყურადღება მიაქციოთ. იმიტომ არ ვამბობ, რომ ან რაღაც საქმიანობა შეუჩერდეს და მათ შვილებს რაღაც საკვები ვერ მიუტანოს, ეს მე არაფერს მომცემს. უბრალოდ, ყურადღება რომ მიაქციოთ ამ ფაქტს.
მამაჩემი მარტო იყო, გამოვიდა შეხვედრიდან, გააჩერეს და გადმოაგდეს მანქანიდან. ნარკოტიკული საშუალება მეორე მცდელობით იძულებით ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს. შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ ორგანიზმში კარგად გახსნილიყო ეს ნივთიერება, შემდეგ გადაიყვანეს, სადაც საჭიროა. რა თქმა უნდა, უკვე ამოუგდო ეს ნარკოტიკული საშუალება და ამის შემდეგ გადაიყვანეს დროებით იზოლატორში. ასე დაიწყო.
შემდეგ, 2011 წლის 18 თებერვალს უკვე შეასახლეს გლდანის მერვე საპყრობილეში. ვინც იმ დროს ციხეში იჯდა, ალბათ ყველას ემახსოვრება ე.წ. კორიდორი, რომელიც მამაჩემმაც გაიარა ცემა-ტყეპით. ასე ხდებოდა სამწუხაროდ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ე.წ. კარანტინში იჯდა. იმდროინდელი გლდანის ციხის კარანტინი ვინც იცის, ყველა დამერწმუნება, რომ ორი კვირა ძალიან დიდი დროა. ორი კვირის განმავლობაში გაატარა ამ ადამიანმა ძალიან ცუდ პირობებში. მათ შორის, ერთი ჩემხელა ბიჭი იჯდა მამაჩემთან ერთად, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა რაღაც დანაშაული ჩადენილი. მერე გამოვიდა და შემხვდა. მამაჩემმა უთხრა, შენხელა ბიჭი მყავს და გაეცანიო. გაცნობისას პირველი ის მითხრა, ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო პატიმრებს გვცემდნენო. ჩავეძიე სიღრმისეულად და კითხვებს ვუსვამდი, რომ აღეწერა, რა ხდებოდა. ვთხოვე, არ მოეყოლა ქალებისთვის ოჯახში. მე და ის ვსაუბრობდით ცალკე ჩვენთან სახლში. ღამის 03:00 საათზე მამაშენს როდესაც ეძინა, შემოვარდებოდნენ – „ხარძიანი, რა გაყვირებს?!“ ამ დროს ეძინა მამაშენს და გაჰყავდათ. მასთან ერთად რამდენიმე კაცსაც ხანდახან უწევდაო, რომ არ გამოჩენილიყო ისე, თითქოს მარტო ბესოზე იყო იქ აქცენტი. მამაჩემმა საპყრობილე დატოვა 2012 წლის 6 დეკემბერს, როდესაც მოხდა პოლიტიკური ცვლილებები – ბესო ხარძიანის გამოშვებას იმ ციხიდან არ აპირებდნენ, მას უპირებდნენ შიგნით მოკვლას, რადგან იცოდნენ მისი ხასიათი, რომ არ გაჩერდებოდა“, – განაცხადა ბესო ხარძიანმა.