ბერნი სანდერსი - ამ არჩევნებზე თეთრი სახლის პათოლოგიური ტყუილები დავასრულეთ
„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბერნი სანდერსის თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით, თეთრი სახლის პათოლოგიური ტყუილები დასრულდა.
ვიდეომიმართვაში სანდერსმა მადლობა გადაუხადა პროგრესულ ამომრჩევლებს, რომ მათ ხმა ჯო ბაიდენს მისცეს.
„ჯო ბაიდენი იგებს ჯორჯიის, არიზონას და ნევადას შტატებში და, სავარაუდოდ, ის გახდება აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი. ის ასევე, იმარჯვებს ამომრჩეველთა ხმებით. ბაიდენმა ტრამპზე ოთხი მილიონით მეტი ხმა მიიღო. ხმების დათვლის დასრულების შემდეგ, სხვაობა, სავარაუდოდ, ხუთი მილიონი იქნება. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა მხოლოდ ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დაპირისპირება. ამ არჩევნებზე უნდა გადაგვეწყვიტა, დავასრულებთ თუ არა თეთრი სახლის პათოლოგიურ ტყუილებს და შევინარჩუნებთ თუ არა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. მადლობა ღმერთს, როგორც ჩანს, ეს გავაკეთეთ“, – აცხადებს ბერნი სანდერსი ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, პროგრესულმა ამომრჩევლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ბაიდენს წარმატებისთვის მიეღწია.
„თქვენ მოუტანეთ ბაიდენს ახალგაზრდების, ფერდაკანიანებისა და მუშათა კლასის ხმები. ჩემი შეხედულებით, ბაიდენის გამარჯვება თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა სანდერსმა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი კვლავ უცნობია. ხმების დათვლა ექვს შტატში გრძელდება. ამ ეტაპზე ლიდერობს ჯო ბაიდენი, თუმცა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გამარჯვების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.