ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა გააპროტესტეს
ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა გააპროტესტეს

ბერლინში მცხოვრებმა ჩეჩნებმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის საელჩოსთან გააპროტესტეს. ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე“ ავრცელებს. აქციაზე ბერლინსა და მის შემოგარენში მცხოვრები ათობით ჩეჩენი მივიდა.

როგორც „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აქციაზე მისული ხანგოშვილის ნათესავები ამბობენ, „მკვლელობამდე პირად საუბარში ზელიმხან ხანგოშვილი არა მარტო საკუთარ, არამედ ნათესავების უსაფრთხოებაზე ღელავდა“. მათი თქმით, ის გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნას ხელახლა აპირებდა.

აქციაზე შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, გერმანიაში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ბევრი ჩეჩენის რუსეთში დეპორტაციას ასახელებენ. მათივე თქმით, რუსეთში ჩეჩნებს დევნა და უარეს შემთხვევაში, სიკვდილი ელით.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომელზეც ბოლო წლებში მოკლული ჩეჩნების სახელები იყო ჩამოთვლილი.

საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მისი სავარაუდო მკვლელი პოლიციამ დააკავა. ის 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს.