ბერლინის სახელმწიფო ოპერის სცენაზე რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს დაბრუნების გამო, ოპერის თეატრის წინ საპორტესტო აქცია გაიმართა
ბერლინის სახელმწიფო ოპერის სცენაზე რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს დაბრუნების გამო, ოპერის თეატრის წინ საპორტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ბერლინის ოპერის თეატრში უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, რუსმა სოპრანომ, ანა ნეტრებკომ ლედი მაკბეტის როლი შეასრულა. წარმოდგენამდე ცოტა ხნით ადრე, 37 ათასმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც აღნიშნული როლის სხვა შემსრულებლისთვის გადაცემა მოითხოვეს.
წარმოშობით რუს საოპერო მომღერალს, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა და ავსტრიაში ცხოვრობს, მიმდინარე თვეში ბერლინის ოპერის თეატრში კიდევ სამი წარმოდგენა აქვს.
მომღერლის სცენაზე დაბრუნების დაშვების გამო, ბერლინის ოპერის თეატრი ასევე გააკრიტიკეს ბერლინის მერმა, კულტურის საკითხებში ქალაქის სენატორმა და გერმანიაში უკრიანის ელჩმა. ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მატიას შულცმა კი, ბერლინის საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა: „ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ ხელოვანები განტევების ვაცებად არ გამოვიყენოთ“.
ბერლინის მერმა, კაი ვეგნერმა წუხილი გამოთქვა, რომ საერთაშორისო დონეზე ასეთი წარმატებული შემსრულებელი ჯერ კიდევ მკაფიოდ და ცალსახად არ გაემიჯნა რუსეთის ომსა და პუტინს.
მსოფლიოში ცნობილ სოპრანოს სხვადასხვა თეატრთან თანამშრომლობის პრობლემები რუსეთის მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ შეექმნა. მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრმაც, მას შემდეგ, რაც რუსმა მომღერალმა უარი თქვა პუტინის ქმედებების დაგმობაზე.
მარტში ნეტრებკომ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ გმობს ომს და აღნიშნა, რომ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არ არის დაკავშირებული რუსეთის რომელიმე ლიდერთან.
„მე ვაცნობიერებ და ვნანობ, რომ ჩემი წარსული ქმედებები ან განცხადებები შესაძლოა, არასწორად იქნა აღქმული“, -აღნიშნავდა ნეტრებკომ.
ანა ნეტრებკო მხარს უჭერდა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე 2012 წლის არჩევნებზე, ორი წლის მოგვიანებით კი, გავრცელდა მისი ფოტო სეპარატისტული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით ხელში. მან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ დონეცკში ოპერის თეატრს შემოწირულობის სახით თანხა გამოუყო. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბურ ინტერვენციამდე ერთი წლით ადრე კი, ანა ნეტრებკომ თავისი 50 წლის იუბილე კრემლში გალა-წარმოდგენით აღნიშნა.