ბერიკა შუკაკიძე - მასწავლებლობის მსურველებს მივეცით საშუალება, ჩააბარონ გამოცდა, დაადასტურონ კომპეტენცია და შემოვიდნენ მასწავლებლის პროფესიაში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებას, რომ ნოემბრის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად მასწავლებელთა მასობრივი შემცირება იგეგმება, სიცრუეს უწოდებს.
შუკაკიძემ რეფორმის ის ნაწილი განმარტა, რომელიც პედაგოგებს შეეხება და მათი კვალიფიკაციის დადასტურებას ითვალისწინებს.
„განათლების სისტემის რეფორმის იმ ნაწილში, რომელიც მასწავლებლებს შეეხება, გადაწყდა, რომ პირველ რიგში, პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს მიეცათ საშუალება, ორჯერ გავიდნენ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე. მანამდე კი, სახელმწიფომ ისინი საკუთარი ხარჯით გადაამზადა. თუ გამოცდას ვერ ჩააბარებენ, აქვთ საშუალება, მიიღონ ჯილდო – ორი წლის ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა და დატოვონ სკოლა“, – განაცხადა შუკაკიძემ.
ამასთან, მისი თქმით, იმ პრაქტიკოს პედაგოგებს კი, რომლებიც არ არიან საპენსიო ასაკში და ვერ ისარგებლებენ ჯილდოთი, ასევე ორჯერ აქვთ შესაძლებლობა, დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია. თუ ვერ დაადასტურებენ, მომავალი წლის იანვრიდან ისინი გადადიან დროებით მოვალეობის შემსრულებლად, რის შემდეგაც სკოლა მათ საჭიროების მიხედვით გაუფორმებს დროებით კონტრაქტს და პარალელურად გამოცხადდება ვაკანსია.
„ანუ ჩვენ პირველად მივეცით საშუალება ამდენი წლის განმავლობაში ადამიანებს, რომლებსაც სურთ გახდნენ პედაგოგები, ჩააბარონ გამოცდა, დაადასტურონ თავიანთი კომპეტენცია და შემოვიდნენ მასწავლებლის პროფესიაში“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.