ბერიძესა და რისტევსკის კორონავირუსი დაუდასტურდათ - ჩრდილოეთ მაკედონიაში მცველის გამოჯანმრთელებას იმედოვნებენ
ბერიძესა და რისტევსკის კორონავირუსი დაუდასტურდათ - ჩრდილოეთ მაკედონიაში მცველის გამოჯანმრთელებას იმედოვნებენ

„ევრო 2020“-ის პლეიოფის ფინალში საქართველოსთან ისტორიულ მატჩამდე, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები მორიგი პრობლემის წინაშე დადგა – მათი ეროვნული გუნდისა და უნგრული „უიპეშტის“ ცენტრალურ მცველ კირე რისტევსკის კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბალკანელი მცველი საქართველოს ნაკრების კანდიდატ გიორგი ბერიძის თანაგუნდელია – „უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრა მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე მტკ-სთან 0:4 წააგო. მასპინძელთა განაცხადშიც არც კირე რისტევსკი იყო და არც გიორგი ბერიძე. მათ და „უიპეშტის“ მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა მატჩი კორონავირუსის დადასტურების გამო გამოტოვეს.

„ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრ კირე რისტევსკის, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა – ისევე, როგორც „უიპეშტის“ მოთამაშეთა უმეტესობას. რისტევკი არ მონაწილეობდა მტკ-სთან შეხვედრაში, რადგან კარანტინშია“, – წერს ჩრდილომაკედონიური გამოცემა „სპორტმედია“.

ამის მიუხედავად, გამოცემა იმედოვნებს, რომ 30 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი გუნდს თბილისში დაეხმარება: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს იმედი, რომ რისტევსკი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ერთად გაემგზავრება. კერძოდ, 9 ნოემბერს მან უნდა გაიაროს ახალი ტესტები და თუ უარყოფითი პასუხი ექნება, ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ნაკრებს მის გარეშე თამაში მოუწევს“.