ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გზა გაიხსნა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გზა გაიხსნა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს.
109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა ცოტა ხნის წინ გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათთან შესახვედრად თბილისის მერი კახა კალაძე მივიდეს, ბაღში სასწავლო პროცესი აღდგეს და ბაღს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდეს.
ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.
N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.
როგორც ბაღების სააგენტოში პირველ არხს განუმარტეს, ბაღის უკანა კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა, წინა ფლიგელი კი არ გარემონტებულა, თუმცა, მათივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მთელი შენობის ავარიულობაზეა საუბარი.
საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ 109-ე ბაგა-ბაღის შენობა უნდა გასხვისდეს.
მისი განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ბაღის შენობა ავარიული და საშიშია, ამიტომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ბაღში სწავლა გაგრძელდეს.