ბერძნული მედია საბერძნეთში დაკავებული ქართველების საქმის დეტალებზე წერს
ბერძნული მედია საბერძნეთში დაკავებული ქართველების საქმის დეტალებზე წერს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბინების ძარცვის ბრალდებით სულ დაკავებულია 21 პირი, მათ შორის 18 ქართველი, ერთი ბერძენი, ერთი ერაყელი და ერთი ბულგარელია. ამავე საქმის კიდევ ხუთი ფიგურანტი უკვე ციხეშია.
ბერძნული გამოცემების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ქართველები, საბერძნეთში, კერძოდ ატიკას რეგიონის ჩრდილოეთით, ოჯახებში მომვლელად ან დამხმარედ მომუშავე ქალების გადაბირებას ცდილობდნენ და მათი მეშვეობით სახლებს ძარცვავდნენ. გამოძიების ცნობით, ისინი ინფორმაციას ხანდაზმული მოქალაქეების მომვლელებისგან, ასევე საავადმყოფოების და ხანდაზმულთა თავშესაფრების თანამშრომლებისგან იგებდნენ და სახლებში შემდეგ შედიოდნენ.
კრიმინალური დაჯგუფების დაკავება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მანქანის გატაცება სცადა. ის ავტომობილის მფლობელ ქალს ქუჩაში იარაღით დაემუქრა, შემდეგ თავის არეში დაზიანება მიაყენა და ავტომობილიდან გადააგდო.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი საბერძნეთში თვეების განმავლობაში მოქმედებდა. პოლიციის ცნობით, კრიმინალები ოთხ ჯგუფად იყოფოდნენ. მათ 70-ზე მეტ დანაშაულში ედებათ ბრალი – ბინების გაქურდვა, ძარცვა იარაღის მუქარით, ნარკოტიკების შენახვა და გადაზიდვა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულები ნაქურდალ ნივთებს ყიდდნენ და შემოსავალს იღებდნენ. აღნიშნული თანხა კი, უცხოურ ბანკებში ირიცხებოდა. სამართალდამცავებმა დაკავებულთა სახლებიდან მოპარული ძვირფასი ნივთები, სამკაული, ასევე ყალბი პირადობის მოწმობები, იარაღი და ფული ამოიღეს.
საქმეს ათენის პროკურატურა იძიებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი 21 მაისს გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.